ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, ბრალის დადგენილების მიხედვით, ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვრის გადაკვეთით დატოვა, საიდანაც შემდეგ უკვე სხვა პასპორტით გაემგზავრა.
"საქმის მასალებში წერია, რომ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადაკვეთა საზღვარი და შემდეგ სომხეთიდან სხვა პასპორტით გაემგზავრაო. არაა დაკონკრეტებული რანაირად მოახერხა საზღვრის გადაკვეთა სახმელეთო გზით თუ როგორ". - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
გიორგი ბაჩიაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა, მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სასამართლო პროცესი დღეს, 16:15 წუთზე ჩაინიშნა. ადვოკატის თქმით, სხდომაზე პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ლევან მახარაშვილი განმარტავს, პროცედურა საჭიროა, რათა შემდგ ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადონ.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ქვეყნის დასატოვებლად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა.
ამავე დღეს, ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს დატოვების საკითხზე გამოძიება დაიწყება.
როგორც სადრაძე ამბობს, ბრალდების მხარის ნებართვის გარეშე ბაჩიაშვილს არ ჰქონდა საზღვრის კვეთის ნებართვა, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.





