აშშ-უკრაინა

ტრამპი: ვაფასებ, რომ ზელენსკიმ წერილი გამომიგზავნა

დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Madalina Vasiliu/The Epoch

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა. მან წერილს მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

მნიშვნელოვანია, რომ აქამდე, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტ ჯეიდი ვენსსა და დონალდ ტრაპმს შორის შეკამათება მოხდა. შედეგად უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა, ხოლო წიაღიესეული შეთანხმებას, რომელიც უნდა გაფორმებულიყო, ხელი არ მოეწერა.

"დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა: "უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება ჩქარა, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა". არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტადო, მან თქვა. "მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ მშვიდობა, რომელიც განგრძობითი იქნება. ჩვენ მართლა ვაფასებთ როგორ დაეხმარა ამერიკა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში". მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინა მზადაა თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს". - მე ვაფასებ რომ მან გამომიგზავნა ეს წერილი, რომელიც მცირე ხნის წინ მივიღე." - თქვა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილზე.

წერილში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას მაშინ, როცა ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი იქნება.

ტრამპის მიერ ნახსენები წერილი მოიცავდა დეტალებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში 4 მარტს გავრცელდა. ამავე განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ "შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო" და  "საწყენია, რომ ეს მოხდა".


28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

კომენტარები