აშშ-უკრაინა

ტრამპი და ზელენსკი სამხედრო დრონების შეთანხმებას განიხილავენ

The New York Post-თან გამართულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლო საუბარში ლიდერებმა ე.წ. "მეგა შეთანხმების" შესახებ ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც აშშ ბრძოლაში გამოცდილ უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი აშშ-ს შეიარაღებას შეიძენს.

NYP წერს, რომ შეთანხმება აშშ-სა და უკრაინას შორის საჰაერო-საბრძოლო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს - უკრაინა მზად არის თანამედროვე ომში თავისი გამოცდილება, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დააგროვა, აშშ-ს გაუზიაროს.

გამოცემის მიხედვით, ეს შეთანხმება შესაძლოა აშშ-ს სამხედრო ძალებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. 

"მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად "მეგა" შეთანხმებაა, როგორც ამბობენ, ორივე მხარისთვის მომგებიანი" - თქვა ზელენსკიმ.

სპეციალისტები და დრონების სფეროს ექსპერტები გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში აშშ რუსეთსა და ჩინეთს ტექნოლოგიურად ჩამორჩება, ხოლო ამერიკელ ჯარისკაცებს დრონების გამოყენებისა და მოწინააღმდეგის მიერ წარმოებული ამ ტიპის ტექნიკის წინააღმდეგ თავდაცვისთვის საჭირო უნარები არ აქვთ.

"ამერიკელ ხალხს ეს ტექნოლოგია სჭირდება და ის თავიანთ არსენალში უნდა ჰქონდეთ" - განუცხადა ზელენსკიმ New York Post-ს. გამოცემა აღნიშნავს, რომ  უკრაინის უახლესი დრონებმა რუსეთის თავდაცვის გარღვევა და მძიმე ბომბდამშენების განადგურება, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე 800 მილზე სიღრმეში დარტყმების მიყენება შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ დრონებით ომი უკრაინის ომის უმთავრეს ბრძოლის მეთოდად იქცა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ირანული ტიპის კამიკაძე დრონების ადგილობრივი წარმოება დაიწყო, უკრაინამაც თავისი დრონების წარმოება გააძლიერა.

გამოცემა აღნიშნავს, ორმ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უკრაინული შეტევა გასულ თვეს განხორციელდა, როცა 117 უკრაინულმა დრონმა ოპერაცია "აბლაბუდას" ფარგლებში  ათეულობით რუსი სტრატეგიული ბომბდამშენი ოთხ სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე გაანადგურა. ასევე, ერთი თვის შემდეგ, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1 300 კილომეტრით გადაკვეთეს და იჟევსკში ანტისაჰაერო რაკეტების ქარხანა გაანადგურეს. მაისში უკრაინამ საზღვაო დრონით შავის ზღვის თავზე რუსული Su-30 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდება პირველად აღნიშნა.

ზელენსკი, რომელმაც დრონები რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მთავარი იარაღად დაასახელა, აცხადებს, რომ მზად არის გაუზიაროს თავისი გამოცდილება აშშ-სა და NATO-ს, რათა მათ მომავალი თაობის ომისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

"ჩვენ მზად ვართ ეს გამოცდილება გავუზიაროთ ამერიკასა და სხვა ევროპელ პარტნიორებს" - თქვა მან და დასძინა, რომ მოლაპარაკებები დანიასთან, ნორვეგიასთან და გერმანიასთანაც მიმდინარეობს.

კომენტარები