რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად

Sven Hoppe/Pool via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის და მისი ჯგუფი მზად არიან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გამძლე მშვიდობისთვის იმუშავონ. ამის შესახებ ზელენკსი X-ზე წერს.

ზელენსკის შეფასებით, მისი და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. მისი თქმით საწყენია, რომ ეს მოხდა.

"მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას.

არც ერთ ჩვენთაგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ საიმედო მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე ჩემს ჯგუფთან ერთად მზად ვარ ვიმუშავო პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით გამძლე მშვიდობის მისაღწევად.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ სწრაფად, ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეილება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, ასევე, სასწრაფო დაზავება ცაში: რაკეტების, შორი მანძილების დრონების, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვების აკრძალვა – ასევე, დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს იზამს. ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და შევთანხმდეთ ძლიერ და საბოლოო შეთანხმებაზე.

ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. და ჩვენ გვახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას გადასცა ჯაველინები. ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც საჭირო იყო. საწყენია, რომ ეს მოხდა. საჭიროა ყველაფერი სწორად ვქნათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალში თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს კონსტრუქციული.

რაც შეეხება შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე, უკრაინა მზად არის მას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სასურველ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას განვიხილავთ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად და იმედი გვაქვს, რომ იმუშავებს ეფექტიანად". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.


28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

კომენტარები