კანადის პრემიერმინისტრმა და ლიბერალური პარტიის ლიდერმა, მარკ კარნიმ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კანადასა და აშშ-ს შორის ძველი ურთიერთობა "დასრულებულია".
კარნიმ თქვა, რომ "გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც აშშ ამყარებდა" დასრულებულია. მისივე თქმით, მომდევნო თვეები კანადისთვის რთული იქნება და მსხვერპლს მოითხოვს.
"ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან, ურთიერთობა, რომელიც სტაბილურად მზარდ ინტეგრაციას ეფუძნებოდა, დასრულებულია. გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც აშშ ამყარებდა, სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული ეყრდნობოდა, სისტემა, რომელიც, მართალია, იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანაში გვეხმარებოდა, დასრულებულია. [...] ეს ტრაგედიებია, მაგრამ ჩვენი ახალი რეალობაა". - თქვა კარნიმ.
კარნი სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას დაპირდა, რომ "წარმოადგენს ყველას, ვინც კანადას სახლს უწოდებს" და თქვა, რომ ტრამპი კანადას არასდროს არ დაეუფლება.
"როგორც უკვე თვეებია გაფრთხილებთ, ამერიკას ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა სურს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ცარიელი მუქარები. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, რომ გაგვტეხოს, რათა ამერიკა დაგვეუფლოს. ეს არასდროს არ მოხდება". - თქვა კარნიმ.
კარნის თქმით, კანადამ ამერიკის "ღალატისგან" გაკვეთილები უნდა ისწავლოს და კანადელებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ.
"ამერიკის ღალატის გამო შოკში ვართ, მაგრამ გაკვეთილები არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ თავს უნდა გავუფრთხილდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ". - თქვა კარნიმ.
კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ტრამპთან დისკუსიას გამართავს, ეს იქნება "ორ სუვერენულ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობის განსახილველად".
"და ეს იქნება სრული ცოდნით, რომ ყველა კანადელისთვის კეთილდღეობის ასაშენებლად აშშ-ს გარდა სხვა მრავალი, მრავალი ვარიანტი გვყავს". - თქვა კარნიმ.
კანადის დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახურის, Election Canada-ს წინასწარი მონაცემებით, კანადის ფედერალურ არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერმინისტრი, მარკ კარნია.
ამჟამად Elections Canada საარჩევნო უბნების 98.84%-იდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
არჩევნები ტრამპის განცხადებების გამო კანადასა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობდა.
გუშინ, 28 აპრილს, ტრამპმა თავის Truth Social-ზე კანადის 51-ე შტატად გახდომის შესახებ მოწოდება გაიმეორა.
"დიდ კანადელ ხალხს წარმატებას ვუსურვებ. აირჩიეთ კაცი, რომელსაც ჰყოფნის ძალა და სიბრძნე, რომ თქვენი გადასახადები გაანახევროს, უფასოდ გაზარდოს თქვენი სამხედრო ძალა მსოფლიოში ყველაზე მაღალ დონემდე, თქვენი მანქანების, ფოლადის, ალუმინის, ხე-ტყის, ენერგიისა და სხვა ყველა ბიზნესი ზომაში გააოთხმაგოს ნულოვანი ტარიფებით და გადასახადებით, თუკი კანადა აშშ-ს ძვირფასი 51-ე შტატი გახდება. აღარანაირი მრავალი წლის წინად დახაზული ხელოვნური ხაზი". - წერდა ტრამპი
მანამდე, 25 აპრილს, ტრამპმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კანდისა და გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში შესვლაზე არ ხუმრობს.
"ვფიქრობ, გრენლანდია საკმაოდ კარგად იქნებოდა, თუ... ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით" - თქვა ტრამპმა
28 მარტს აშშ-სა და კანადას შორის ახლად დაწყებული სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, ქვეყნების ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს.
კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასთან სატელეფონო საუბრისას "პატივი სცა კანადის სუვერენიტეტს".
სატელეფონო ზარამდე 1 დღით ადრე კარნი ამბობდა, რომ აშშ "აღარ იყო სანდრო სავაჭრო პარტნიორი", ხოლო კანადის ძველებური ურთიერთობა აშშ-სთან "დასრულდა".
კანადის მოქმედმა პრემიერმინისტრმა, რომელიც კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია, ამავე დღეს პირობა დადო, რომ აშშ-ს "მაქსიმალურად გავლენიან" საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.
კარნიმ, რომელმაც კანადის ყოფილი პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო 14 მარტს ჩაანაცვლა, ტრამპთან საუბარი შეაფასა, როგორც "ძალიან კონსტრუქციული". თავად ტრამპმა ზარს "უკიდურესად პროდუქტიული" უწოდა.
როგორც BBC წერს, აშშ-ს პრეზიდენტის ტონი კანადასთან მიმართებით, წარსული განცხადებებისგან განსხვავებით, შერბილებული იყო. კანადას ტრამპმა აქამდე "აშშ-ს 51-ე შტატი", ხოლო კანადის ყოფილი პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს "კანადის გუბერნატორი" უწოდა.