Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა ტრამპის ადმინისტრაციას, რომ დაეხმარება ირანთან მოლაპარაკებაში ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და აშშ-ს წინააღმდეგ რეგიონული ძალების მხარდაჭერა.
გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ პირების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ შეატყობინა, ასევე, ირანის საკითხი საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების დროს განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო.
გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ დაუდასტურებია, თუმცა, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის წერილზე უპასუხა, რომ "რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-მ და ირანმა ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა მოაგვარონ", ხოლო მოსკოვი "მზად არის, ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს".
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაეილ ბაგეიმ კითხვაზე - გამოთქვა თუ არა რუსეთმა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დალაგებაში დახმარების მზაობა, უპასუხა, რომ მხოლოდ "ბუნებრივია" თუ ქვეყნებს ამის სურვილი ექნებათ.
"საკითხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ბევრი მხარე კეთილ ნებას აჩვენებს და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში მზაობას გამოთქვამენ. [...] ამ პერსპექტივიდან, მხოლოდ ბუნებრივია, რომ ქვეყნები დახმარების სურვილს გამოთქვამენ, თუ ეს საჭირო იქნება" – ამბობს ესმაეილ ბაგეი.