არასამთავრობო ორგანიზაციები

საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში NGO-ები აღარ ჩაერთვებიან – კანონპროექტი

ქართული ოცნებისა და მათი სატელიტი ხალხის ძალის საკანონმდებლო პაკეტით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ამ მიმართულებით, ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის.

შესაბამის ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს. 

აქამდე, რამდენიმე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.

ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორებიცაა, მაგალითად: საპროკურორო საბჭოს წევრების; საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების; ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. 

"არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციები ურთიერთობის დონეზე, წინადადებების მიწოდებისა და განხილვის თვალსაზრისით, ისევ უფლებამოსილები იქნებიან, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხში, რომელიც მათთვის საინტერესოა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება". - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ივანიშვილის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა. 

"ბოლო დროინდელმა ვითარებამ, მათ შორის, USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, შესაბამისად, ისინი არიან დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს შეუძლიათ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას". - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები