ტაივანი

ჩინეთი ტაივანის მმართველ პარტიას: ადრე თუ გვიან, დაგასრულებთ

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ტაივანის მმართვლი, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) მიმართ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა. 

სამინისტროს სპიკერმა, ვუ ციენმა აღნიშნა, რომ ტაივანის მმართველი ძალა ცდილობს აშშ-ს ძალის დახმარებით შეაჩეროს ჩინეთთან გაერთიანება, რაც, ციენის თქმით, მხოლოდ მის განადგურებას გამოიწვევს.

"დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) მთავრობაში ოცნებობენ "დამოუკიდებლობის მოპოვებას აშშ-სთან მიმართებით ვალის აღებითა" და "გამთლიანებასთან [სამხედრო] ძალით წინააღმდეგობის გაწევით" ეს ვითარების, საზოგადოებრივი აზრისა და ძალთა ბალანსის სერიოზულად არასწორ შეფასებას წარმოადგენს. საკუთარი თავის გადაჭარბებული შეფასება უკიდურესად საშიშია. მკაცრი გაფრთხილება დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) ხელისუფლებას. ეტლის საკუთარი ხელებით გაჩერების მცდელობა თვითგანადგურებისთვის არის განწირული. ადრე თუ გვიან, დაგასრულებთ" – ამბობს ვუ ციენი

თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას "სეპარატისტული ძალებისა" და გარე ჩარევის მიმართ.

"ჩვენ პირობას არ ვდებთ, რომ ძალის გამოყენებაზე უარს ვიტყვით, რაც მიმართულია "ტაივანის დამოუკიდებლობის" მომხრე სეპარატისტებისა და უცხო ძალების ჩარევის მიმართ" – თქვა ვუ ციენმა.

ცნობისთვის, ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შეერთება სურს. პეკინში განიხილება კუნძულის ძალის გამოყენებით შეერთების შესაძლებლობაც.

 აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.

კომენტარები