საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვა  
РИА Новости / Алексей Дружинин

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის." – წერია განცხადებაში. 

СВР თითქოსდა არსებულ გეგმას ჰოლივუდის სცენარს ადარებს. აღსანიშნავია, რომ ტექსტი ოფიციალური განცხადებისთვის ზედმეტად მხატვრული ენითაა დაწერილი.

"ცნობილი გახდა "ჰოლივუდის საუკეთესო ტრადიციებით" შეთხზული სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები. თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, დაგეგმილია პროპაგანდისტული კამპანია "სენსაციური გამოაშკარავებებით": საქართველოს ყველა უბედურებაში დამნაშავეა რუსეთი. ამასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ქართული ოცნებისადმი "პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის" ბრალდებებზე, რომელიც "ხომალდ ჯორჯიას" ალისფერი იალქნებით ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება." – წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ-ს გეგმის მთავარი მოთამაშე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათივე მტკიცებით, შესაძლოა იგეგმებოდეს რევოლუცია.

"ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს პრეზიდენტმა, ს. ზურაბიშვილმა. როგორც "ვაშინგტონელმა რეჟისორებმა" ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში, გააფრთხილებს "ფართო საზოგადოებას" "მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა" და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. ამავდროულად, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, აპირებს ამომრჩევლები "ოპოზიციის მხრიდან ქართული ოცნებისთვის გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის" მოამზადოს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მორიგი "ფერადი რევოლუცია" აღმოჩნდეს." – წერენ СВР-ში.

რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. მათივე მტკიცებით, განიხილება დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა. მსგავსი დეზინფორმაციები რუსეთის სპეცსამსახურების ჩვეული ხელწერაა. მაგალითისთვის, როდესაც ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმმა უკრაინის ევრომაიდნის დროს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რუსეთი ირწუნებოდა, რომ მსხვერპლი დაქირავებული სამხედროების სროლას მოჰყვა. თავად ეს ფაქტი და დეზინფორმაცია, თითქოს ქართველი სნაიპერები მაედნის მოვლენების დროს დემონსტრანტებს დასავლეთის დავალებით ესროდნენ, ნახსენებია ამ განცხადებაშიც. 

"ამერიკელმა "კურატორებმა" უკვე მისცეს ბრძანება საქართველოს ოპოზიციურ ძალებს, შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის. ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ "ტარანი" უნდა გახდეს თბილისის მოსახლეობა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე "უცხოელი აგენტების" კანონთან დაკავშირებული ანტისახელისუფლებო აქციებით "შეახურეს". განიხილება "საკრალური მსხვერპლი" პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე "ხალხი განრისხდეს". პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია გავიხსენოთ კიევის "მაიდანი" ათი წლის წინ, სადაც "დემოკრატიის საკურთხეველზე" ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს." – წერია განცხადებაში.

კომენტარები