გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან პოტენციურ იერიშთან დაკავშირებით არსებული შიშის ფონზე, ირანმა ბირთვულ ობიექტებთან განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა.
მთავრობის ორი მაღალი რანგის წყაროს ინფორმაციით, ირანმა ბოლო პერიოდში თავდაცვა გააძლიერა მნიშვნელოვან ბირთვულ და სარაკეტო ობიექტებზე, მათ შორის, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები დანადგარების განლაგებითაც.
მაღალჩინოსნების თქმით, ეს ზომები ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან შესაძლო ერთობლივ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ირანში არსებული შიშით არის განპირობებული.
"ისინი [ირანის მთავრობა] უბრალოდ ელოდებიან თავდასხმას და ამის მოლოდინში ყოველ ღამით არიან და ყველაფერი მაღალი დონის მზადყოფნაშია მოყვანილი - ისეთ ობიექტებიც კი, რომლებზეც არავინ იცის". - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ Telegraph-ს.
13 თებერვალს გამოცემა Washington Post-მა აშშ-ს სხვადასხვა სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ირანზე "წინმსწრებ" იერიშს მომდევნო რამდენიმე თვეში მიიტანს.
ანგარიშის მიხედვით, ისრაელი 2025 წლის პირველ ნახევარში შეეცდება იერიშის მიტანას ირანის ფორდოვის და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე. მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები Washington Post-თან ამბობენ, ისრაელი ირანზე იერიშს 2024 წლის ოქტომბერში, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბომბვიდან მოყოლებული გეგმავს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა Washington Post-ის ანგარიში არ დაადასტურა, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი.
"მიუხედავად იმისა, რომ მას [ტრამპს] ურჩევნია, ამერიკის გრძელვადიანი პრობლემები ირანის რეჟიმთან მოლაპარაკების სახით მოაგვაროს, ის უვადოდ არ მოიცდის, თუ ირანი მზად არ იქნება შეთანხმების მალე მიღწევისთვის" – თქვა ჰიუზმა Washington Post-თან.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ირანზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას ურჩევნია მასთან შეთანხმების მიღწევა.
"მინდა ირანთან ბირთვული [იარაღის აკრძალვის] შეთანხმება დავდოთ. ეს მირჩევნია, ვიდრე მათ დაბომბვას... მათ არ უნდათ სიკვდილი. არავის უნდა სიკვდილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ისრაელი მათ არ დაბომბავს". – თქვა ტრამპმა.
როგორც AP წერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, თვეების განმავლობაში ირანელი მაღალჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ ისინი ტრამპისგან მესიჯს ელოდებოდნენ, სურდა თუ არა მას თეირანის მსწრაფლ განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ირანზე მაქსიმალური წნეხის" მოსახდენად ჩამოყალიბებული განკარგულების ხელმოწერის დროსაც კი, მიანიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს.
"მე ამას ხელს მოვაწერ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მისი ხშირად გამოყენება არ დაგვჭირდება. ჩვენ დავინახავთ, შეგვეძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა". - თქვა ტრამპმა 4 თებერვალს ოვალურ ოფისში აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერისას.
"ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ" - დაამატა ტრამპმა.
ტრამპის ამ განცხადებას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გამოეხმაურა. ფეზეშქიანის თქმით, ირანი ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს.
"ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის [განვითარებას]. ამის გადამოწმება მარტივი ამოცანაა". - თქვა ფეზეშქიანმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე, რომლებსაც უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.





