აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებიდან 1 დღის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ტრამპის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს.
"ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის [განვითარებას]". - თქვა ფეზეშქიანმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე, რომლებსაც უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
ფეზეშქიანმა ასევე დაამატა, რომ "ამ საკითხის გადამოწმება მარტივი ამოცანაა".
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ "არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს".
"მათ [ირანს] არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ჩემთან ეს ძალიან მარტივადაა, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა რეპორტიორებთან საუბრისას.
ამასთან, 4 თებერვალს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ირანზე "მაქსიმალური წნეხი" აღადგინა.
კერძოდ, აღნიშნული ბრძანება აშშ-ს ხაზინას ირანზე "მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას" მოიცავს, მათ შორის, სანქციების დაწესებასა და ამ სანქციებისთვის თავის არიდებისთვის სათანადო საპასუხო მექანიზმების შემუშავებას. გარდა ამისა, დირექტივა ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მიუთითებს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტი "ნულამდე დაიყვანოს".
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანზე "მაქსიმალური წნეხის" პროგრამის ხელმოწერის გამო "არ არის გახარებული", რადგან ის ძალიან მკაცრია, თუმცა სიმტკიცე არის საჭირო. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებასთან "ზედმეტად ახლოს" არის.





