რეგიონული მედიაგამოცემის, Ajara Times-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
გამოცემა Ajara Times-ს ქობულეთის მერიაში უთხრეს, რომ კაცი სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს - ამ დროისთვის, უცნობია რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
ტაბულა მომხდარის დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში სტიქიურად მოვლენილმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკული პირობები შეუქმნა.
მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, არ მიეწოდებათ შუქი და წყალი, ისინი დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას.
გურიის ერთ-ერთ სოფელში სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა.
სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ გურიასა და აჭარაში რეგიონებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები, ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ასევე, დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზამ 7 რეისი შეაჩერა
კერძოდ გაუქმდა:
- 25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი;
- 25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური;
- 26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი;
- 26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი;
- 26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
- 26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი;
- 26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი;
ივანიშვილის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სტიქიური მოვლენა "უბრალოდ თოვლია".





