ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა.
"უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი კი - არა". - თქვა ევროკავშირის პრესსპიკერმა სტეფან დე კერსმაკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და, ფაქტობრივად, უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ.
ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
მოგვიანებით, 19 თებერვალს, ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და დაამატა, რომ მან "სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება".





