აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ.
ტრამპის მტკიცებით, ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.
მანამდე, ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი არ იყო.
"მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს - ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?" - თქვა ზელენსკიმ ანკარაში შეხვედრისას.
უკრაინული მხარის რეაქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრაპმა უპასუხა, რომ "მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მეუბნებიან, რომ ისინი გაბრაზებულები არიან ადგილის არ ქონის გამო. [...]
"დღეს მოვისმინე, "ჩვენ არ მიგვიწვიესო". თქვენ აქ სამი წელია, რაც ხართ. არასდროს უნდა დაგეწყოთ. შეგეძლოთ, შეთანხმებისთვის მიგეღწიათ. მე ის პირადად მომწონს, მაგრამ ხელმძღვანელობამ ომს გაგრძელების საშუალება მისცა". - დაამატა ტრამპმა.
18 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა, მისი თქმით, "საჭიროა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების გათვალისწინება".
"პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის. ამასთან, სამართლებრივი შეთანხმებების ფორმალური გაფორმება სერიოზულ განხილვას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ზელენსკის ლეგიტიმურობის შესაძლო გაპროტესტებაზე მიუთითებს" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას რუსული ნარატივისგან დისტანცირება სცადა და აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი აზრია, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს: "ეს რუსეთს არ ეხება. ეს ჩემგან მოდის". - თქვა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იგი "ბევრად უფრო დარწმუნებულია" რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსებში საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ. ტრამპმა დაამატა, რომ მისი აზრით, პუტინს შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე შეხვდეს.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.





