აშშ-ჩინეთი

ჩინეთმა დაგმო აშშ-ს მხრიდან "ტაივანის დამოუკიდებლობის არაღიარებაზე" ტექსტის შესწორება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტაივანთან ურთიერთობაზე ტექსტში "ტაივანის დამოუკიდებლობის არაღიარების" ნაწილი ამოღებას ჩინეთი "სერიოზულ რეგრესს" უწოდებს და მოუწოდებს აშშ-ს, დაუყონებლივ შეასწოროს შეცდომა და სერიოზულად მოეკიდოს "ერთი ჩინეთის" პრინციპს. 

"ეს არის არასწორი გზავნილი და სერიოზული სიგნალი იმ სეპარატისტული ძალებისთვის, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ ტაივანის დამოუკიდებლობას და კიდევ ერთი მაგალითია, რომ აშშ ჯიუტად აგრძელებს ტაივანით ჩინეთის შეკავების გამოყენების არასწორ პოლიტიკას" ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, გუი ჯიაკუნი.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინ ჩია ლუნგმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა "პოზიტიური, ტაივანის მიმართ მეგობრულად განწყობილი ფორმულირებისთვის". 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ საიტზე, აშშ-ტაივანის ურთიერთობისთვის განკუთვნილ გვერდზე ტექსტის მცირე ნაწილი შეცვალა.

ტექსტში თავდაპირველად ეწერა:

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ორივე მხრიდან სტატუს კვოს ცალმხრივად ცვლილებას. არ ვაღიარებთ ტაივანის დამოუკიდებლობას. ველით, რომ ჩინეთსა და ტაივანს შორის განსხვავებები მოგვარდება მშვიდობიანი საშუალებებით, ძალის გამოყენების გარეშე, სრუტის ორივე მხარეს მყოფი ხალხებისთვის მისაღები გზით" 

განახლებულ ვარიანტში, ტექსტის ძირითადი ნაწილი უცვლელია, თუმცა ამოღებულია წინადადება: "არ ვაღიარებთ ტაივანის დამოუკიდებლობას"

ასევე, თავში, სახელწოდებით "ტაივანის როლი საერთაშორისო საზოგადოებაში" წარსულში ეწერა, რომ ვაშინგტონი "განაგრძობს ტაივანის წევრობის მხარდაჭერას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც მოთხოვნად სახელმწიფოებრიობა არ არის და წაახალისებს ტაივანის ღირებულ მონაწილეობას ორგანიზაციებში, სადაც მისი წევრობა შეუძლებელია" 

ცვლილების შემდეგ, ტექსტში "სახელმწიფოებრიობის" ნაწილი ამოღებულია და წერია, რომ აშშ "მხარს დაუჭერს ტაივანის ღირებულ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, წევრობასაც, სადაც ეს შესაძლებელია" 

ცნობისთვის, ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შეერთება სურს. პეკინში განიხილება კუნძულის ძალის გამოყენებით შეერთების შესაძლებლობაც.

 აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.

კომენტარები