ოკუპირებული აფხაზეთი

ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

დღეს, 15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

"ლატვია გმობს ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც 15 თებერვალს ტარდება". - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ლატვია რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს და ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარება გააუქმოს. 

"ლატვია კვლავ აცხადებს საქართველოს საერთაშორისოდ განსაზღვრული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის შესახებ". - წერია განცხადებაში. 


15 თებერვალს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი. 

მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:

  • ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი; 
  • რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
  • ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.

კომენტარები