აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბამ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა
Echo Kavkaza

ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტი პრეზიდენტის დე ფაქტო არჩევნები მიმდინარეობს.

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი. 

მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:

  • ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი; 
  • რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
  • ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.


2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.

კომენტარები