ტურიზმი

იზრდება თუ მცირდება ტურიზმი?!

ტურიზმი

იზრდება თუ მცირდება ტურიზმი?!

6 თებერვალს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის შეჯამების პრეზენტაცია ჩაატარა, სახელწოდებით - “ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები”. როგორც შეხვედრაზე გამოჩნდა, ტურისტული ადმინისტრაცია და კერძო სექტორი ინდუსტრიის მდგომარეობას მკვეთრად განსხვავებულად, შეიძლება ითქვას, საპირისპიროდ, აფასებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის მიხედვით, 2025 წელი “ძალიან კარგი ტურისტული წელი” იქნება და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება. პრეზენტაციაში ნათქვამი იყო, რომ 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდულად დიდი, 9%-იანი ზრდა აღირიცხა, ვიზიტების რაოდენობამ კი ჯამში 5.1 მილიონი შეადგინა - ადმინისტრაციის პრეზენტაციის თანახმად, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი შემოვიდა ქვეყანაში - 4.4 მილიარდი დოლარი.

გარდა ამისა, პრეზენტაციში მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ცვლილება - წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რაოდენობა 438 414-მდე, 3.8%-ით გაიზარდა (ყველაზე მეტად კი ვიზიტები ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გაიზარდა - 26.7%, 24.6% და 21.3%-ით) 

ოფიციალური მონაცემებით, ვიზიტებმა მხოლოდ უკრაინიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან იკლო. პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტები ქუვეითიდან 38.9%-ით, საუდის არაბეთიდან 21%-ით, ჩინეთიდან 83.4%-ით, ინდოეთიდან კი 46.8%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმადვე, გაზრდილია ვიზიტორთა საშუალო დანახარჯებიც და ვიზიტის ხანგრძლივობაც - ვიზიტორთა ხარჯებში ყველაზე დიდი წილი კი, განთავსებას უკავია, კერძოდ, 33.7%.

პრეზენტაციაში ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ 2024 წლისთვის 150-მდე განთავსების ობიექტი და 9 500 საწოლი ადგილია, 2028 წლისთვის კი, ეს რაოდენობა კი 150-იდან 318-მდე და 9 500-იდან 36 800-მდე, ხოლო ინვესტიცია 570 მილიონიდან 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.

"2025 წლის პროგნოზი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დაშვებებზე გვაქვს გაკეთებული. მათ შორის, მსხვილი დოზა ამაზე მოდის ფრენები, ფრენების სიხშირე, უკვე ჯავშნები, რასაც ველოდებით და ციფრები ამას ამბობს, რომ 2025 წელს უნდა იყოს ძალიან კარგი ტურისტული წელი. რაც შეეხება ბაზრებს, გვაქვს პირველადი ბაზრები, რომელიც გულისხმობს იმ ქვეყნებს, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს, ესაა ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, ისრაელი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, სადაც მარკეტინგის ბიუჯეტის 90%-ის დახარჯვას ვგეგმავთ. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიდგომა ახალი ბაზრების და ტურიზმის მიმართ ყოველთვის იყო დივერსიფიკაცია. ამან ძალიან ბევრჯერ, გარკვეული კრიზისის დროს, სექტორს ხელი შეუწყო”. - თქვა ომიაძემ.

ომიაძის მტკიცებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპელ ტურისტებს საერთაშორისო გამოფენებით მოიზიდავს - მან უკვე ჩატარებულ გამოფენებზეც ისაუბრა.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და კერძო სექტორის ხელშეწყობაზე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის, რომ საერთაშორისო გამოფენებზე იყოს წარმოდგენილი. წელს პირველი გამოფენა, რომელზეც წარვსდექით, იყო ჰელსინკში, იყო აშშ-ს, მადრიდის, ინდოეთის, მალე იქნება მილანის და ა.შ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩამოვლენ და კარგი წელი ექნება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და ზოგადად ქვეყანას",- ამბობს მაია ომიაძე.

თუმცა, კერძო სექტორი ადმინისტრაციის შეფასებას არ იზიარებს. 

გამოცემა BM.ge-სთან საუბრისას ტურისტული კომპანიის, დისქავერ ჯორჯიას დამფუძნებელმა, ნინო კეკელიძემ თქვა, რომ დეკემბრიდან კომპანიის ჯავშნების 60% გაუქმდა. მანვე აღნიშნა, რომ აქამდე მაღალმხარჯველუნარიანი ქვეყნების ტურისტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. 

"გვაქვს ჯავშნების გაუქმება ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან მოყოლებული. ასევე, მომდევნო ჯავშნების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, ვინაიდან არ ვიცით, რომელი ქვეყნების მიხედვით გავაკეთოთ აქცენტი. განვლილი სტრატეგიის მიხედვით, მაღალმხარჯველუნარიანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებაზე გვქონდა აქცენტი - ძირითადად, აზიის და ევროპული განვითარებული ქვეყნებიდან.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეინიშნება ჯავშნების 60%-იანი გაუქმება, ასევე მიმდინარე ჯავშნების მიმართულებით გადავადება გაურკვეველი ვადით. რაც შეეხება ქვეყნების მიმართულებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავრჩეთ ძველი სტრატეგიის კვალდალკვალ, თუმცა ახალი სტრატეგია არ გვაქვს და ვნახოთ, რა ტენდენციებს მოგვაწვდის ტურიზმის ეროვნული სააგენტო“. - თქვა კეკელიძემ.

პრეზენტაციის შემდეგ სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ადმინისტრაციას მიმართა და თქვა, რომ მათი მოცემული რიცხვები და არსებული რეალობა განსხვავდება. მისივე თქმით, განსაკუთრებით დამცინავია, როდესაც ტურისტული ადმინისტრაცია ბოლო კვარტალში რეკორდულ შემოსავალზე საუბრობს, რადგან სასტუმროებს ფასების დაწევა “ისტორიულ მინიმუმზე” უწევთ, რათა “უბრალოდ გადარჩნენ” და “ასეთი დაბალი ფასები [...] თბილისის სასტუმროებში ბოლო 30 წელია”, არ ყოფილა. 

ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრეზენტაციები საერთაშორისო ინვესტორებისთვის უნდა გაკეთდეს, რათა “ვიღაც მოტყუვდეს, რომ ასეთგვარ სასტუმროს სექტორში ფული ჩადოს”, ხოლო საქართველოში ვითარების განხილვისას ადმინისტრაციას რეალური სიტუაციის ასახვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “სასტუმროს სექტორი ახლა მომგებიანი ნამდვილად არ არის”. 

"ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო, ძალიან მომეწონა, აშკარად შთამბეჭდავია და მინდა ხოლმე, რომ ასეთი პრეზენტაციები გავაკეთოთ საერთაშორისოდ [...], რომ ქვეყანა წარმოჩნდეს სხვაგან კარგად და ჩვენთან [...] აი, აქ ვინც ვართ, აქ ვილაპარაკოთ ხოლმე ცოტა რეალურ თემებზე, იმიტომ, რომ აქ სულ ყველას ველაპარაკე, დღეს ვინც მოვიდა, და თბილისის მასშტაბით ეს ციფრები არ არის და ზოგადად, აქ არ ვართ, სხვადასხვა რეალობაში ვართ. ანუ, რეალობა სხვა არის, ციფრები სხვა არის. [...]

განსაკუთრებით დამცინავად იყო, რომ ბოლო კვარტალი ყოფილა სასწაული ჩვენთან და ბოლო კვარტალი იყო ძალიან მაღალ დონეზე და რეკორდული შემოსავლები მივიღეთ. პირადად გეუბნებით, რომ 9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო ერთ თვეში კიდევ 2 სასტუმრო დაიკეტა.  ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგია რა არის, იცით, [...] ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, [...] პლატფორმებზე ფასები დავწიეთ ისტორიულ მინიმუმზე. ასეთი დაბალი ფასები, რაც ახლა საქართველოშია, თბილისის სასტუმროებში, ბოლო 30 წელია, გეუბნებით, რომ არასოდეს არ ყოფილა.

ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ რაღაცნაირად ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, ვიღაც მაინც შემოვიყვანოთ, რომ უბრალოდ გადავრჩეთ და ის თანამშრომლები, ვინც გავუშვით, ხომ გავუშვით და კიდევ არ გავუშვათ თანამშრომლები. ეს არის რეალობა, სადაც ვცხოვრობთ. ეს [პრეზენტაცია] არის სხვა რეალობა და მოდით, ეს გავაკეთოთ ხოლმე საერთაშორისო ვიღაც ინვესტორებისთვის, რომ ვიღაცა მოვატყუოთ კიდევ, რომ საქართველოში ფული ჩადოს, იქნებ კიდევ ვიღაც მოტყუვდეს, რომ ასეთგვარ სასტუმროს სექტორში ფული ჩადოს იმიტომ, რომ სასტუმროს სექტორი ახლა მომგებიანი ნამდვილად აღარ არის, მინიმუმ 30 წელი მაინც გჭირდება, რომ რაღაც ამონაგები გააკეთო, რაც ინვესტორისთვის ნამდვილად აღარ არის მიმზიდველი, ეს არის რეალობა და რაც ხდება საქართველოში". - თქვა ალავერდაშვილმა. 

ომიაძემ კერძო სექტორის კრიტიკას უპასუხა, რომ ქვეყანას ტურისტი არ დაკლებია, არამედ “სასტუმრო ოთახების რაოდენობა, ბიზნესის მიწოდება გაიზარდა”. 

“კერძო სექტორს თავისი ხედვები აქვს, თავისი გამოწვევები აქვს. პირობითად ვამბობ, ერთ-ერთი საკითხი იყო დასმული იმასთან დაკავშირებით, რომ 5 წლის წინ კონკრეტულ სასტუმროს 70%-იანი დატვირთულობა ჰქონდა და წელს 50%-იანი დატვირთულობა აქვს. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზოთ, ბოლო 5 წელში როგორ გაიზარდა სასტუმრო ოთახების რაოდენობა, საქართველოში ტურისტი კი არ დააკლდა, სასტუმრო ოთახების რაოდენობა, ბიზნესის მიწოდება გაიზარდა ამ კუთხით და შესაბამისად, ადამიანს რომ დააკლდა სტუმარი, ქვეყანას კი არ დააკლდა, სხვა სასტუმროში გადავიდა. ვიცი სასტუმროები, რომლებსაც აქვთ ჯავშნები, ზოგს არ აქვს”. - თქვა ომიაძემ.

ტაბულასთან საუბრისას ალავერდაშვილმა ომიაძის შეფასება “აბსურდად” მოიხსენია. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ივანიშვილის წარმომადგენლიმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის “2028 წლამდე” შეჩერება გამოაცხადა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ტურისტული ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი და სწორი მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაშიც, 2024 წლის მონაცემები შესაძლოა, სრულად არ ასახავდეს რისკებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ტურისტული სექტორი დღესდღეობით დგას - მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ის დროის მონაკვეთი, რომელზეც კერძო სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს, შეიძლება, სტატისტიკაში სათანადოდ არც იყოს ასახული. 

პრეზენტაციაზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს და მრავალი ადამიანი ტურიზმის სფეროში ოპოზიციურად არის განწყობილი, ტურიზმის ადმინისტრაცია კი, ამის შესახებ დუმს.

"მინდა, რომ შემომხედოთ. აი, მაქედან. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზის და გარეთაც ბევრი ადამიანია,  მთელი დეკემბრის განმავლობაში ვისაც თავში ურტყამდნენ და გაზით გუდავდნენ. ჩვენ ვარსებობთ, ციფრები არ ვართ. ჩვენი ხმა თქვენ არ გესმით, არც კითხვებზე პასუხი არ გესმით და თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისთანაც წლობის მეგობრობა, წლობის თანამშრომლობა გვაკავშირებს და პატივისცემა, თქვენ ის ინსტიტუცია ხართ, ვისაც გეთანამშრომლეთ ბევრი წელი და დღეს ვნანობ, რომ საერთოდ გამარჯობას გეუბნებოდით, მართლა გულწრფელად ვნანობ იმ გულგრილობისთვის, რასაც თქვენ იჩენთ, იმ არასწორი სამოქალაქო პოზიციისთვის, რაც გაქვთ, იმ მიზნებისთვის და რეჟიმისთვის, ვისაც თქვენ ემსახურებით თქვენ და კი, თქვენ დღეს რეჟიმს ემსახურებით",- განაცხადა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა.

თანდაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოთხი წლის განმავლობაში რეფორმაზე მუშაობის მიუხედავად, რეფორმა ჩააგდო და 2024 წელს არცერთი დაპირება არ შეასრულა. 

"თქვენ რუსეთი გააქრეთ სტატისტიკიდან და თურქეთზე თქვით, რომ უპრეცედენტო ზრდა გაქვთ. [...] აი, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? საქმეზე ვილაპარაკოთ? კი ბატონო, რეფორმა აკეთეთ ოთხი წელი, თქვენ ჩააგდეთ რეფორმა, თქვენ 2024 წელს არ განახორციელეთ არც ერთი დანაპირები. [...]

რა პრეზენტაცია წარმოადგინეთ, რომ ჩვენ არ ვიცით, ხელფასი გვექნება თუ არა, ვიმუშავებთ თუ არა, 2025 წელს საერთოდ რას გავაკეთებთ და თქვენ სხედხართ თქვენი ხელფასებით, თქვენი მოადგილეებით, დეპარტამენტებით, რეორგანიზაცია ვერ გააკეთეთ. ორგანიზაციამ ვერ გააკეთა რეორგანიზაცია.

მე მრცხვენია, რომ თქვენ გაქვთ ის შენობა, რომელიც გაქვთ და თქვენს შესასვლელში ისეთი ლიფტია, როგორიც Georgian Airways-ში, სხვა საქართველოში ეგეთი არ არის. ანუ, სად აწონებთ თავს? ვის აწონებთ თავს? მე მერიდება, რომ ამას გეუბნებით ახლა,  მწყინს, რომ ამას გეუბნებით, გულწრფელად სიტყვები არ მაქვს, ემოციურად არ გეუბნებით, საქმიანად გეუბნებით, თქვენ თავი ვერ გაართვით რეფორმას.

ჯერ ერთი, ორი წელი ტურიზმის ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშე იყო. რანაირი ინსტიტუციაა, რომელსაც ხელმძღვანელი არ ჰყავს? რატომ? [...] ორი წელი ვერ მოიძებნა საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი? და როდესაც მოვიდა ხელმძღვანელი და პირველ შეხვედრაზე გამოუცხადა საზოგადოებას, რომ ტუროპერატორზე, გიდზე გვჭირდება კანონი, გავაკეთოთ ეს, ყველა ენთუზიაზმით ვიყავით, აბსოლუტური ენთუზიაზმით. მაშინ, როდესაც დონორმა უარი თქვა პარტნიორობაზე, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ვუთხარით დონორს, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ მთავრობასთან მუშაობას. რაში არ წამოგყევით? რა არ გავაკეთეთ? რაზე გითხარით უარი?

საპასუხოდ მივიღეთ რა? მთელი დეკემბერი თქვენი აბსოლუტური სიჩუმე. მარიამ ქვრივიშვილი არ ესწრება დღეს, [...] რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტსაბჭოს წევრია. [...] ვინც გვითხრა, რომ კი, თქვენ აქციაზე ხართ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც გადააჭარბა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ვინ არის დასჯილი ან საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ? მართლა რაზე გინდათ, რომ ვილაპარაკოთ? ინდოეთზე? გინდათ, ინდოეთზე დავსვა კითხვები?" - თქვა თანდაშვილმა.

პრეზენტაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ტაბულა თამუნა თანდაშვილს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებაზე, სავარაუდო პროგნოზსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან უთანხმოების შესახებ კითხვებით დაუკავშირდა. 

 


იზიარებთ თუ არა ტურისტული ინდუსტრიისთვის 2024 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებას? რაში ეთანხმებით ან რაში არ ეთანხმებით?


2024 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი წელი იყო. მიმდინარეობდა ტურიზმის რეფორმა, რაც მდგომარეობდა ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში, რომელიც, თავის მხრივ, ცვლის ტურიზმის პოლიტიკასა და ქვეყანაში ტურიზმში ჩართული სუბიექტების საქმიანობის არეალს.  მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების, კერძოდ გამჭვირვალობის კანონის, შედეგად, რეფორმაზე მუშაობა შეჩერდა.

რეფორმა გულისხმობდა ასევე საბჭოს ფორმირების გზით სამიზნე ბაზრების შერჩევასა თუ პრიორიტეტების განსაზღვრაში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას.

საკანონმდებლო ჩარჩო გულისხმობდა ადგილობრივი ორგანიზაციების სტატუს-კვოს განსაზღვრას და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა დაცვის გარანტიების შემუშავებას -  ჩვენს კანონმდებლობაში გადახდისუნარიანობის, ფინანსური გარანტიებისა და ევრო დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებების ასახვას, ამ დირექტივების ადაპტაციას და არა ბრმად გადმოტანას. 

კერძო სექტორმა ძალიან რთული პროცესი გაიარა. პარლამენტმა მისი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და მიღებულ იქნა მთელი რიგი ფუძემდებლური ხარვეზების მქონე კანონები, რომელთა დეტალიზება მეორადი კანონმდებლობის შემუშავების გზით ვერ მოხერხდა. ცნებებში არის ტექნიკური და შინაარსობრივი შეცდომები, კოლიზიური ნორმები და ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობითი რგოლების აბსოლუტურად გაუმართავი მექანიზმები. 

ამიტომ ადმინისტრაციამ კანონზე მუშაობა 6 თვით გააჩერა, სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტაციით. 

რაც შეეხება სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიას, ეს არის მოძველებული სისტემა, არ არის გადამოწმებული ალტერნატიულ წყაროებთან, ვინაიდან ქვეყანა არ იცნობს “ტურიზმის გადასახადს”, რომელიც ტურისტების ღამისთევებისა და წარმომავლობის დადგენას ამარტივებს, რასაც სატელიტური დათვლის მეთოდი ეწოდება. 

საზღვრის კვეთის ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, უნდა შედარდეს ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას მიმართულებების მიხედვით, მეტი სიცხადისთვის უნდა ითვლებოდეს სატრანზიტო მარშრუტები, როცა საავიაციო გზით ვითვლით შემოსული მგზავრების ოდენობას. 

რეალურად, 5 მილიონი “ტურისტი” რა მეთოდოლოგიით იქნა დათვლილი, ვის მიიჩნევს კანონი ტურისტად და “ტურისტულ ვიზიტად”? რა სისტემით ხდება შემოსავლების დათვლა? სწორი პროგნოზებისა და სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით სექტორი ითხოვს ყველანაირ დეტალურ მაჩვენებელს.

არის თუ არა მოწოდებული სტატისტიკა ერთჯერადი მდგენელებით გამოწვეული თუ კონკრეტული მარკეტინგული აქტივობების შედეგები იყო გაზომილი?

როგორი სიტუაციაა გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ტურისტულ ინდუსტრიაში? ტურისტულ კომპანიებს მუშაობა უჭირთ? რა მოლოდინები გაქვთ, რა სურათი იქნება ქვეყანაში ტურიზმის მხრივ 2025 წელს? შემცირდება ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში? 

მხოლოდ დეკემბრის თვეში ინდუსტრიის მიუღებელმა სარგებელმა უხეშად 15 მილიონი ლარი შეადგინა. გამოიკითხა 543 ორგანიზაცია. 

თუ არ მოგვარდება პოლიტიკური კრიზისი, ინდუსტრია მდგრადად ვერ განვითარდება. სამოქალაქო პროტესტისა და რყევების შედეგად, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი ადგება, პოლიტიკური ლიდერების მიერ ევროპული ქვეყნების ხელაღებით დამუნათებას საერთაშორისო პრესა მყისიერად აშუქებს

სასტუმროები, ტურისტული კომპანიები და გიდები გასულ პერიოდებთან შედარებით ტურისტების ჯავშნების სიმცირეზე ლაპარაკობენ, ხოლო ისრაელი და რუსეთი, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, [ტურისტების რაოდენობის მხრივ] მოწინავე პოზიციებს იკავებს.

ტურისტული ადმინისტრაცია სიტუაციას სწორად აფასებს? თუ არა, რატომ და, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციის მხრიდან აცდენის მიზეზი? 

ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორთან კომუნიკაციის პრობლემა შექმნა, არ გამართა დისკუსია შექმნილი კრიზისისას და არ უპასუხა კერძო სექტორის მოთხოვნას, შეხვედროდა ეკონომიკის მინისტრს. 

პროგრესულ გადაწყვეტილებებს სითამამე, პასუხისმგებლობა და მყისიერი ქმედებები სჭირდება. როგორც ჩანს, ინსტიტუცია პოლიტიკური კონტექსტისგან თავისუფალი არ არის და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივას ამ ეტაპზე სერიოზულად არ უყურებს. 

თქვენი აზრით, ქვეყანაში ტურისტთა ვიზიტების შემცირება ქვეყნის ყველა ტურისტებზე აისახება? შესაძლებელია, რომ ტურისტების რიცხვის მკვეთრად არ შეიცვალოს, მაგრამ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები დაბალმხარჯველუნარიანებმა ჩაანაცვლონ?

ბუნებრივია, ტურიზმი დინამიკური სფეროა და კერძო სექტორი ეძებს გამოსავალს, ახალ ბაზარს, შესაძლებლობებს. თუ რა სტრატეგიას აირჩევს ტურიზმის სფერო კრიზისულ სიტუაციაში, ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

პოლიტიკური კურსის ცვლილებით ყველაზე სწრაფად ზიანდება ტურიზმის სფერო, მასში შემავალი ყველა რგოლით, და ამით საფრთხე ექმნება მოსახლეობის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს.

ტურიზმის სტრატეგიაში გაწერილი იყო ევრო-ატლანტიკური კურსი და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული პოტენციალის ზრდა. 

როდესაც ევროკავშირის მიმართ პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა, მოქმედმა მთავრობამ ელჩებისა და მაღალი თანამდებობის პირების ლანძღვა დაიწყო, ეს საერთაშორისო მედიაში შუქდება და ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. აზიური ბაზრების ის სეგმენტები, რომელთანაც მიდის მუშაობა, არ არის მაღარმხარჯველუნარიანი და მათ მოთხოვნა არ აქვთ საქართველოში იმ სერვისებზე, რომლებსაც ინდუსტრია ავითარებდა.

კომენტარები