აფგან სადიგოვი

ომბუდსმენი სადიგოვზე: წონის გამოხატული კლება ფიქსირდება, კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს

აფგან სადიგოვი
პუბლიკა

სახალხო დამცველის განცხადებით, რწმუნებულებმა 12 თებერვალს საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი მოინახულეს, რომლის სამედიცინო ბარათის თანახმად, წონის გამოხატული კლება ფიქსირდება, ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება.

"12 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა N18 პენიტენციურ დაწესებულებაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფგან სადიგოვი მოინახულეს.

გაესაუბრნენ ასევე, N18 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილეს და პატიმრის მკურნალ ექიმს. აპარატში დასაქმებული ექიმი აფგან სადიგოვის სამედიცინო დოკუმენტაციასაც გაეცნო. აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას, მის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საექსტრადიციო საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება.

სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.

სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით უკვე გამოითხოვა პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. სახალხო დამცველი განაგრძობს აფგან სადიგოვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს." - წერია სახალხო დამცველის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

3 თებერვალს სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, 10 თებერვლის მონაცემებით ჟურნალისტი 143 დღეა შიმშილობს.

2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

კომენტარები