აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ინფორმაციას ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აფგან სადიგოვმა 136 დღიანი შიმშილობის შემდეგ წყლისა და მედიკამენტების მიღებაც შეწყვიტა. მეუღლის ცნობით, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მდგომარეობა კრიტიკულია.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო!!!
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასრულებს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ ბრძანებას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელები არიან.
აფგან სადიგოვი 136 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად! 2 თებერვლიდან მან მშრალი შიმშილობა დაიწყო!
ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, გუშინ, 2 თებერვალს (02.02.2025) გადავიდა მშრალ შიმშილობაზე. დღეს თავად დამირეკა და მითხრა. მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო, და ახლა აღარ ვიცი, რა მოხდება. ღმერთი უზენაესია, ღმერთი დიდია – აფგანი ღმერთს მივანდე!
აფგანმა განაცხადა, რომ ალიევი და მისი რეჟიმი მკვლელები არიან და რომ ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს!
31 იანვარს (31.01.2025) აფგანი დილით ადრე გამოიყვანეს დაკავების ცენტრიდან სასამართლო პროცესის მოტივით. თუმცა, სასამართლო სხდომა მხოლოდ 3 საათზე (15:00) გაიმართა. აფგანის მდგომარეობა კრიტიკულია და ეტლში ამდენი ხნის განმავლობაში ყოფნა მისთვის მხოლოდ დამატებითი ტანჯვაა.
მან ციხეში წიგნები მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან თქვეს, რომ აზერბაიჯანულ ენაზე წიგნები არ ჰქონდათ. მისმა ადვოკატმა მიიტანა აზერბაიჯანული წიგნი, მაგრამ ისიც არ მისცეს. საქართველოს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მკვლელები არიან.
აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან ციხეში შიმშილობს. მან შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიგრაციის დეპარტამენტმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
14 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. 31 იანვარს აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.
7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".