თბილისი ენერჯი

ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის – კალაძე გაზსადენი მილის დაზიანებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გამოძიება დაწყებული არ არის. 

"იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო.

ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.

დღეს, ჩვენ მოვისმინეთ "თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება" - ამბობს თბილისის მერი.

საბურთალოს მომხმარებელთა ნაწილს გაზის მიწოდება მე-4 დღეა შეწყვეტილი აქვს. თბილისი ენერჯის გავრცელებული ბოლო განცხადებით, ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი 65% ჩართულია.

თბილისი ენერჯი 9 თებერვალს წერდა, რომ ცენტრალური მილი, რომელიც ვაკე საბურთალოს გაზმომარაგებას უზრუნველყოფდა, "სავარაუდოდ, მესამე პირის მიერ დაზიანდა".

კომენტარები