თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დღეს, 11 თებერვალს, დღის ბოლომდე გაზმომარაგება ყველა აბონენტს აღუდგება.
"თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
თბილისი ენერჯის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს". - ნათქვამია განცხადებაში.
9 თებერვალს, თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში, ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება 150 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
კომპანიის ცნობით, დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.
"დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.
გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.
ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.
თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე". - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





