ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს შპს თბილისი ენერჯის საჯარო მოსმენა გაიმართება.
"შპს თბილისი ენერჯის საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება.
500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.
გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს გაიმართება შპს თბილისი ენერჯის საჯარო მოსმენა". - წერია განცხადებაში.
თბილისი ენერჯის 12 თებერვლის განცხადებით, ამ დროისთვის ვაკის რაიონს სრულად მიეწოდება გაზი, ხოლო საბურთალოზე მომხმარებელთა 65%-ს აქვს წვდომა გაზზე.





