სემეკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა, დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრად მეორე ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩია. სწორედ კომისიის წევრებიდან ირჩევა სემეკის თავმჯდომარე.
ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] წევრად პირველი ვადით 2017 წელს აირჩიეს, 2019 წლიდან დღემდე კი კომისიას ხელმძღვანელობს.
კომისიის ცნობით, "სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ".
"კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, 6 წლით, დავით ნარმანიას კანდიდატურა შეირჩა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის”. - წერია განცხადებაში.