რუსთაველის გამზირზე მდებარე კამერების დაზიანების დამო დაკავებული გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულები ბრალს აღიარებენ. ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი და ამისთვის პროკურატურისგან შესაბამის რეკვიზიტებს ელოდებიან.
30 იანვარს ხუტაშვილი და მუმლაძე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მოსამართლემაც.
შსს-მ 1998 წელს დაბადებული გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუტაშვილს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.





