აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამასის მიერ ახლად გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები "ჰოლოკოსტის გადარჩენილებს" ჰგავდნენ და "არ იცის, ამის ატანა კიდევ რამდენი ხნით" არის შესაძლებელი. მისივე თქმით, "რაღაც მომენტში, მოთმინებას" დაკარგავენ.
"ვუყურე, როგორ დაბრუნდნენ დღეს მძევლები და ისინი ჰოლოკოსტის გადარჩენილებს ჰგავდნენ. ისინი საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. გაძვალტყავებულები იყვნენ. [...] არ ვიცი, ამის ატანა კიდევ რამდენი ხნით შეგვიძლია, როცა ამას ვუყურებ.
ვიცი, რომ გარიგება გვაქვს, [...] მაგრამ ისინი ძალიან ცუდ ფორმაში არიან, მათ სასტიკად, საშინლად მოეპყრნენ. ისინიც კი, რომლებიც უფრო ადრე გამოუშვეს, უკეთეს ფორმაში იყვნენ, მაგრამ ფსიქიკურად მათ ძალიან ცუდად მოეპყრნენ. ვინ აიტანდა ამას? იცით, რაღაც მომენტში ჩვენ მოთმინებას დავკარგავთ". - თქვა ტრამპმა.
ტრამპის განცხადება 8 თებერვალს ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მძევლების გაცვლის მეხუთე რაუნდის ფარგლებში გათავისუფლებული სამი ისრაელელი მძევლის მდგომარეობას. ელი შარაბი, ოჰად ბენ ამი და ორ ლევი, რომლებიც ჰამასის ტყვეობაში 491 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შესამჩნევად დასუსტებულები არიან, რაც მიუთითებს, რომ ტყვეობაში მათ ტერორისტები, სავარაუდოდ, აშიმშილებდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ახლად გათავისუფლებული მძევლები, ელი შარაბი, ორ ლევი და ოჰად ბენ ამი "გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს ერთი თვის განმავლობაში არ უჭამიათ".
"ისინი პირდაპირი გაგებით ჰოლოკოსტის გადარჩენილების ძველ ფოტოებს ჰგვანან. იგივეა". - თქვა ტრამპმა.
ელი შარაბის, ოჰად ბენ ამისა და ორ ლევის შესახებ განცხადება ასევე ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რას წარმოადგენენ ჰამასის მონსტრები. ისინი იგივე მონსტრები არიან, რომლებმაც დახოცეს ჩვენი მოქალაქეები და იძალადეს [ისრაელელ] მძევლებზე". - თქვა ნეთანიაჰუმ.
ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ამ დროისთვის 21 მძევალი გადასცა ისრაელს, მათ შორის, 16 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა 700-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე პირებს გაათავისუფლებს.