ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, მძევალთა მეხუთე გაცვლის ფარგლებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ კიდევ 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
თავის მხრივ, 3 მძევლის სანაცვლოდ ისრაელი 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ელი შარაბი, ოჰად ბენ ამი და ორ ლევი ჰამასის ტყვეობაში 491 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გადმოცემამდე ჰამასის შეიარაღებულმა მებრძოლებმა 3 მამაკაცი, რომლებიც ძალიან დასუსტებულები ჩანდნენ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე აიყვანეს და ებრაულ ენაზე თავისი გამტაცებლებისთვის სამადლობელი სიტყვა ათქმევინეს.

ჰამას-ისრაელის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ამ დროისთვის 21 მძევალი გადასცა ისრაელს, მათ შორის, 16 ისრაელელი, ხოლო 5 - ტაილანდელი. სანაცვლოდ, ისრაელმა დაახლოებით 490 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შეთანხმება 19 იანვარს ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.
შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის, ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს. ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს.