ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბათუმელი მედროშე, რომელიც 22-ე დღეა, შიმშილობს, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის საჩივარი და ის პატიმრობაში დატოვა.

"დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა თემურ ქათამაძის საჩივარს, რომელიც დღეს უკვე 22-ე დღეა, რაც შიმშილობს. [...] მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი გვქონდა 20-ზე მეტი მტკიცებულება. [...] სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ჩვენი შუამდგომლობა, ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. [...] ფიზიკურადაც უკვე სუსტად არის, დაკლებული აქვს უკვე 15 კილოგრამი და ისედაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო, თუმცაღა სწორედ ერთ-ერთი მტკიცებულების მოტანის მიზნით მოვიდა სასამართლოში და მაშინ, როცა დაინახა მოსამართლის ეს პოზიცია, პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლოს სხდომა." - თქვა ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა TV პირველთან კომენტარში.

ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა თემურ ქათამაძემ, რომელიც უკვე 22-ე დღეა, შიმშილობს, 15 კგ დაიკლო. ადვოკატის თქმით, მას გადაადგილებაც უჭირს.

ბათუმელი მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

საია-ს ცნობით, მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე/ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

კომენტარები