აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNCHR) დატოვების შემდეგ, საბჭოს ტოვებს ისრაელიც. ამის შესახებ განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გააკეთა.
საარის განცხადებით, ისრაელი მიესალმება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას UNCHR-ს დატოვების შესახებ. ტრამპმა შესაბამის განკარგულებას ხელი 4 თებერვალს მოაწერა.
"ტრადიციულად, UNCHR იცავდა ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, ვინაიდან ის უფლებას აძლევდა მათ, დამალვოდნენ გამოძიებას. ამის მაგივრად, [საბჭო] შუა აღმოსავლეთში არსებული ერთადერთი დემოკრატიის - ისრაელის დემონიზებას ახდენს. ეს ორგანო ფოკუსირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმაზე და ანტისემიტიზმის გავრცელებაზე, ადამიანის უფლებების მხარდაჭერის ნაცვლად". - წერია საარის განცხადებაში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ისრაელი აღარ შეეგუება დისკრიმინაციას".
4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ.
პარალელურად, 4 თებერვალს, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა, რომელიც UNHRC-ს "უტიფარ ანტი-ისრაელურ აკვიატებაში" ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე დატოვა. თუმცა, მოგვიანებით ბაიდენის ადმინისტრაცია UNHRC-ში ხელახლა გაწევრიანდა.