ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასი ტრამპის განცხადებას აშშ-ს მიერ ღაზის დაუფლების შესახებ "რასისტულს" უწოდებს

პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება დაგმო აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლების" შესახებ. დაჯგუფებამ განცხადებას "რასისტული" უწოდა და თქვა, რომ ეს მცდელობაა, "აღმოფხვრას პალესტინელთა საკითხი პალესტინელთა ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე". 

4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება" და მის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

ჰამასის პოლიტიკური ბიუროს უფროსი წევრის, იზატ ალ-რიშექის თქმით, დაჯგუფება ეწინააღმდეგება ტრამპის ნებისმიერ განცხადებას, რომელშიც იგი პალესტინელებს ღაზის სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომლებშიც ის ღაზაში მცხოვრებ პალესტინელ ხალხს თავიანთი სამშობლოს დატოვებისკენ მოუწოდებს სექტორის რეაბილიტაციის მიზნით ტრამპის განცხადებები რასისტულია და წარმოადგენს ნათელ მცდელობას, აღმოფხვრან პალესტინური საკითხი ჩვენი მტკიცე ეროვნული უფლებების გათვალისწინების გარეშე". - თქვა ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა. 

ტრამპის განცხადებას, რომ "ღაზის მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვთ, გარდა სექტორის დატოვებისა", გამოეხმაურა ჰამასის სხვა მაღალჩინოსანიც, სამი აბუ ზაჰრი, რომლის თქმით, ამგვარი განცხადებები "ქაოსისა და რეგიონული დაძაბულობების რეცეპტია" და რომ ღაზის მოსახლეობა "არ დაუშვებს მსგავსი გეგმების განხორციელებას".  

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

"ჩვენ დავეუფლებით [ღაზის სექტორს] და საქმესაც გავაკეთებთ. ჩვენს მფლობელობაში იქნება და პასუხისმგებლები ვიქნებით ყველა სახიფათო აუფეთქებელი ბომბისა და ადგილზე სხვა საბრძოლო მასალის განიარაღებაზე". - თქვა მან.

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ ის არის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები სახლებითა და უსაფრთხოებით, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.

კომენტარები