არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიხედვით, ადვოკატების ცხელ ხაზზე გასული ღამის განმავლობაში ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავების შესახებ მიიღეს შეტყობინება.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები საუბრობენ დაკავებისას ან დაკავების შემდეგ პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, რის შედეგადაც 5 პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
NGO-ების განცხადებით, დაკავებულთა შორის არის არასრულწლოვანიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან.
თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.
თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს.
თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც მითითებებს ადგილზე გასცემდა.





