ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რონდელის ფონდი უფროსი მკვლევრის, მამუკა კომახიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) უფროსი მკვლევრის, მამუკა კომახიას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

"გუშინ, 2 თებერვალს, დააკავეს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი მამუკა კომახია – ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქე, პატიოსანი, წესიერი ადამიანი, განსაკუთრებული კოლეგა და პროფესიონალი.

მამუკა კომახია დააკავეს გზაზე მიმავალი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როცა სხვა მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად დიღმიდან ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდა. მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

ვინც მამუკას იცნობს, ყველასთვის ნათელია ბრალდების სიცრუე და აბსურდულობა – მამუკა არის მშვიდობიანი ადამიანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი და გულშემატკივარი, რომელიც ვერაფრით გაიგივდება ვერც ხულიგნობასა და ვერც ძალადობასთან.

მამუკა კომახიას კოლეგები გამოვხატავთ რა ჩვენს აღშფოთებასა და პროტესტს, სასტიკად ვგმობთ მის უსამართლო დაკავებას.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს, აქედან ხუთს ტვინის შერყევა აქვს

როგორც უწყება ამბობს ამ დროისთვის, სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები არ არიან. 

გუშინ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან მოქალაქეებმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე მათგანზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს. 

თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, რომელიც მითითებებს ადგილზე გასცემდა. 

კომენტარები