ევროკავშირი

EU-ს 12 წევრი ქვეყანა ევროკომისიას არჩევნებში უცხო ძალების ჩარევისგან დაცვისკენ მოუწოდებს

Stefan Wermuth/Bloomberg

საფრანგეთი, გერმანია და კიდევ 10 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ევროკომისიას მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები, როგორიცაა ციფრული სერვისების აქტი, ევროპული ქვეყნების შიდა არჩევნების უცხო ძალის ჩარევისგან დასაცავად. 

წერილს ხელს აწერენ საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, კვიპროსის, ხორვატიის, ჩეხეთის, დანიის, საბერძნეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

Reuters-მა მოიპოვა დიპლომატების მიერ გაგზავნილი წერილი.

"უცხო ძალის ჩარევისა და მთავარ საარჩევნო ღონისძიებების დროს, საჯარო დებატებში უხეშად ჩარევა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი სტაბილურობისა და სუვერენიტეტისთვის. [...] ბოლო დროინდელი ინციდენტები მოითხოვენ სასწრაფო და ერთიან ქმედებებს ევროკავშირში გასამართი არჩევნების დასაცავად" – წერია წერილში.

ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ წერილში იგულისხმება რუსეთისა და ჩინეთის მიერ ჩარევის მცდელობა, ასევე, "სხვა შემთხვევებიც".  

ევროპული სახელმწიფოების არჩევნებში უცხო ძალების ჩარევის საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. 

2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი ტურის შედეგების გაუქმების მიზეზი რუსეთის მიერ კოორდინირებული ონლაინ კამპანიის წარმოება გახდა, რითაც რუსეთი ცდილობდა, არჩევნებში სწორედ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე კალინ ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა. 

ასევე, 13 იანვარს პოლონეთში გაშიფრეს ჯგუფი, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.  

29 იანვარს კი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა SpaceX-ის, Tesla-ს, Starlink-ისა და X-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პარტიის, AfD-ის საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის და პრორუსული პარტიის ღიად მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. 

 

 

კომენტარები