ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ივანიშვილისვე წარმომადგენელი, სანქცირებული ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ისინი ორდენზე ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ერთობლივად წარადგინეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" გადასცა.
"ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა" - აცხადებს ადმინისტრაცია.
ღირსების ორდენით დაჯილდოვდა შსს-ს 11 მაღალჩინოსანი: ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები - შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მილერი ლაგაზაური, გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე.
- აშშ-ს ხაზინამ მაგნიტსკის აქტით გომელაური და კეზევაძე დაასანქცირა
- ბრიტანეთმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის შსს-ის მაღალჩინოსნები დაასანქცირა
ივანიშვილის პრემიერმა შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ღირსების ორდენზე წარდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ვახტანგ გომელაურს და სხვებს სანქციები დაუწესა. მან მაშინ ისიც თქვა, რომ იმ პირებისთვის, რომლებმაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებიდან რაიმე ფინანსური დანაკლისი მიიღეს, "ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას".