მზია ამაღლობელის საქმე

ნორვეგიის საგარეო: მოვუწოდებთ, მზია დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ

ნეტგაზეთი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

"ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ". - წერია განცხადებაში. 

მანამდე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

28 იანვარს ევროკავშირის ელჩები საქართველოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

"წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და უსამართლო ჩანს - ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა"? - წერდა სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

ამაღლობელს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ.

"ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესთან და ეთერ თურაძესთან, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს, იმის ნაცვლად რომ დაცული იყოს. მოგიწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებისკენ". - დაწერა გასრიმ. 

ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი  მზია ამაღლობელი 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით სტიკერი გააკრა. დაკავებისას ამაღლობელისთვის პოლიციას არ განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

ამის შემდეგ ამაღლობელი გამოუშვეს და რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს, როცა აჭარის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გაარტყა. ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები