ტრამპი-გრენლანდია

გამოკითხვა: გრენლანდიელების 85%-ს აშშ-ს შემადგენლობაში შესვლა არ სურს

Sean Gallup/Getty Images

დანიური გაზეთის Berlingske მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიის მოსახლეობის 85%-ს აშშ-ს შემადგენლობაში შესვლა არ სურს.

Berlingske-ს ინფორმაციით, Verian-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გრენლანდიელების მხოლოდ 6% ემხრობა აშშ-ს შემადგენლობაში შესვლას, ხოლო 6% გადაუწყვეტელია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორია გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დანიას მოუწოდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე კონტროლი აშშ-ს დაუთმოს. 27 იანვარს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მისი აზრით, ამერიკა გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს.

თუმცა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლეკე რასმუსენის თქმით, "ტრამპი ვერ მიიღებს გრენლანდიას. გრენლანდია არის გრენლანდია. და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, გრენლანდიელი ხალხი არის გრენლანდიელი ხალხი".

ამასთანავე, 28 იანვარს დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონში დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, დანია $2 მილიარდს დახარჯავს.

გრენლანდიამ თვითმმართველობის ავტონომია, მათ შორის, რეფერენდუმის მეშვეობით დანიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლება, 2009 წელს მოიპოვა.

გრენლანდიის საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტი დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედრიკსენს 45 წუთის განმავლობაში ტელეფონითაც ესაუბრა. თეთრ სახლს სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფრედრიკსენმა განაცხადა, რომ მან ტრამპთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ არქტიკული კუნძული - დანიის საფოს ავტონომიური ერთეული, არ იყიდებოდა, მიუხედავად მის მიმართ ამერიკის "დიდი ინტერესისა". 

ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას სერიოზულად აპირებდა. ამის შესახებ ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა გამოცემა Financial Times-თან ისაუბრეს

ხუთმა მოქმედმა და ყოფილმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია აქვთ, გამოცემას უთხრა, რომ საუბარმა ძალიან ცუდად ჩაიარა. 

მათ ასევე დაამატეს, რომ ტრამპი აგრესიულობითა და კონფრონტაციულებით გამოირჩეოდა დანიის პრემიერმინისტრის კომენტარის შემდეგ, რომ გრენლანდია არ იყიდებოდა, მიუხედავად ფრედრიკსენის შეთავაზებისა გრენლანდიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და მინერალების ექსპლუატაციის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. 

ერთი მაღალჩინოსნის თქმით, საუბარი "საშინელება იყო". 

ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადა გრენლანდიაზე, პანამის არხსა და კანადაზე კონტროლის მოპოვების სურვილზე საუბრით დაიწყო. 

ბევრი ევროპელი მაღალჩინოსანი იმედოვნებდა, რომ მისი კომენტარები "ეროვნული უსაფრთხოების" მიზნებისთვის გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილის შესახებ მოლაპარაკებების ხრიკი იყო, რათა NATO-ს ტერიტორიაზე მეტი გავლენა მოეპოვებინა. 

"თუმცა, სატელეფონო ზარმა დანიის პრემიერმინისტრთან ეს იმედები დაამსხვრია და NATO-ს წევრ მოკავშირე ქვეყნებს შორის საგარეო პოლიტიკის კრიზისი გააღრმავა". - წერს Financial Times. 

ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, ტრამპის ამბიციების გამო, დანიელები "კრიზისის რეჟიმში" და "უკიდურესად გაგიჟებულები" არიან. 

ყოფილმა დანიელმა მაღალჩინოსანმა კი, გამოცემასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ფრედრიკსენთან სატელეფონო საუბრისას ტრამპი დანიის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღებით დაიმუქრა, მათ შორის, გამიზნული ტარიფებით. 

ამასთან, დანიის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ის "არ ცნობდა ანონიმური წყაროების მიერ გაკეთებულ ინტერპრეტაციებს სატელეფონო საუბარზე". 


გასული წლის 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა აშშ-ს მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი. მან ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც. 

"გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება". - განაცხადა ტრამპმა 7 იანვარს გამართულ პრესბრიფინგზე. 

ტრამპის ამ განცხადებას მალევე, 8 იანვარს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუტე ეგედე. 

"ჩვენ სრულად ვაღიარებთ, რომ გრენლანდიას საკუთარი ამბიციები აქვს. თუ ისინი მატერიალიზდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი, თუმცა ნაკლებად იმ ამბიციით, რომ გახდეს აშშ-ს ფედერალური შტატი". - თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.

კომენტარები