ივანიშვილის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების მიერ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, ციხეში შიმშილობს.
ერთ-ერთ სასტუმროში, ღონისძიებაზე მისულ სარჯველაძეს ჟურნალისტები დახვდნენ და ჰკითხეს, თუ როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სარჯველაძემ დასმულ კითხვას არ უპასუხა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათ "პერფორმანსის" დადგმა სურთ.
"თქვენ არ მუშაობთ, პოლიტიკური აქტივიზმით ხართ დაკავებული [...] თქვენ ხართ ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ [...] თქვენ მიმართ ცინიზმის მეტი სხვა რამე როგორ უნდა მქონდეს, ნუ გადამრიეთ. თქვენ მაგდენი ღირსება ან რაიმე სად გაქვთ, რომ ეს გწყინდეთ". - უთხრა სარჯველაძემ გამოცემა მთის ამბების რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც მას კითხვას ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უსვამდა.
მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს.
- მზია ამაღლობელი: ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა
-
საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება
22 იანვარს მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





