ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და "აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება".
"უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს. მან საიას თავმჯდომარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯიშეღავათების მოთხოვნას არ ემსახურება. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს". - წერია საიას განცხადებაში.
საია საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართავს:
- "საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა". - წერია საიას განცხადებაში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 20 იანვარს, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში წერდა, რომ შიმშილობა დაიწყო.
22 იანვარს მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





