მზია ამაღლობელის საქმე

ამაღლობელი შეღავათებისთვის არ შიმშილობს, ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე – ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შიმშილობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. თქმით, ამაღლობელმა მოსალოდნელი ზიანის შესახებ იცის და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდებების მიუხედავ, "იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა". 

ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ამაღლობელი არა შეღავათების მისაღებად, არამედ უსამართლობის გასაპროტესტებლად შიმშილობს. 

"მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვარიდან. არის სრულ შიმშილობაზე.

სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს.

შიმშილობა ოფიციალურად არის დადასტურებული ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

შიმშილობის დაწყების შემდგომ, მოქმედებას იწყებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.

შიმშილობამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. მზიამ იცის ჯანმრთელობის ფასი და მოსალოდნელი ზიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა.

კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი გავიმეორეო მისი დანაბარები, რომ ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე". - წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი  20 იანვარს, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში წერდა, რომ შიმშილობა დაიწყო.

22 იანვარს მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები