დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს სენატმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეთი დაამტკიცა

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

24 იანვარს აშშ-ს სენატმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი პიტ ჰეგსეთი დაამტკიცა

100-დან 47 დემოკრატი სენატორი ჰეგსეთის დამტკიცებას მხარს არ უჭერდა. მათ შეუერთდა 3 რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.

ხმები ჰეგსეთის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ 50-50-ზე გადანაწილდა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხმა, რომელმაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჰეგსეთის დამტკიცება განაპირობა. 

ვიცეპრეზიდენტი აშშ-ში სენატის პრეზიდენტია. მას ხმის მიცემის უფლება მაშინ აქვს, როდესაც სენატორთა ხმები 50-50-ზეა განაწილებული. 

მოსმენის დროს ჰეგსეთს სენატორებმა შეკითხვები დაუსვეს სექსუალური შევიწროების, ღალატისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ბრალდებებზეც, თუმცა ჰეგსეთმა ბრალდებები უარყო. 

ვეტერანი და ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანის, პიტ ჰეგსეთის განკარგულებაში იქნება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი, რომელშიც 3 მილიონი ადამიანია დასაქმებული და რომლის წლიური ბიუჯეტიც 849 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ჰეგსეთი დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის 13 ნოემბერს დაასახელა.

"პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და პრინციპის – "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან, რომ ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა არასდროს დაიხევს უკან. მასზე მეტად არავინ იბრძვის სამხედროებისთვის და ის იქნება გამბედავი და პატრიოტი ჩვენი პრინციპისა – "მშვიდობა ძალის მეშვეობით". - თქვა ტრამპმა.

2012 წელს ჰეგსეთი მინესოტას შტატში სენატის წევრობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საბოლოოდ კურტ ბილსმა მოიპოვა.

ამასთან, ჰეგსეთი სამხედრო სამსახურის ფარგლებში მონაწილეობდა, ავღანეთისა და ერაყის მისიებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობდა ორ ჯგუფს, რომელიც ვეტერანი სამხედროების უფლებებს იცავდა.

2017 წელს ჰეგსეთი მეორე ცოლს გაშორდა, რის მიზეზადაც სახელდება ურთიერთობა Fox News-ის აღმასრულებელ პროდიუსერთან, ჯენიფერ როშეტთან, რომელთანაც მას შვილი ეყოლა.

ჰეგსეთს წარსულში ერთ-ერთი ქალი ასევე ბრალს სდებდა სექსუალურ ძალადობაშიც, თუმცა ამ ბრალდებაში იგი არ დაუდანაშაულებიათ. ჰეგსეთი უარყოფს ნებისმიერი სახის დანაშაულს და ამბობს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ორმხრივი თანხმობა არსებობდა.

სხვადასხვა დროს ჰეგსეთი ასევე აკრიტიკებდა თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასაც. წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ ქალები საბრძოლო როლებში არ უნდა იყვნენ და ჯარს სტანდარტების ზღვრის დაწევაში სდებს ბრალს, რათა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვა ქალებმაც შეძლონ. იგი ასევე აკრიტიკებდა ე.წ. "Woke" ელემენტებს ჯარში და არმიის მრავალფეროვნების პროგრამებს.

კომენტარები