ივანიშვილის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, აბუ-დაბი ჯარიმის საფუძველზე დატოვეს, რომლის ოდენობაც სავარაუდოდ, 3-4 000 დოლარს შეადგენდა.
ამის შესახებ ზარქუამ 23 იანვარს, იმედის ეთერში ისაუბრა, სადაც ასევე თქვა, რომ მესამე დღეა, რაც აბუ-დაბიდან ჩამოსულია.
"გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, 80 000 დოლარი, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი, არაფერი - ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში, 10-15-ჯერ უფრო ნაკლები, იქ მეგობრები გვყავდა, რომლებმაც გადაიხადეს და ამ 3-4 000$-ს ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ და რამენაირად მოვახერხებ." - განაცხადა მან.
ზარქუამ აბუ-დაბიში მომხდარი პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, პირველ დღეს გაბიტაშვილმა "მისაღები მიიღო", მაგრამ არ გამოაქვეყნა, რადგან "არ იყო მისთვის სახარბიელო სიტუაცია."
"[პირველ დღეს] ვისხედით საუზმეზე და დაგვადგა. დაიწყო იქ რაღაც სიგიჟეების ძახილი და შემდეგ, რომ გადავიდა შეურაცხყოფაზე და მოხდა ის, რაც მოხდა და მიიღო. თან პოლიციას ეძახდა, სასწაულია, თან მოდიხარ კამერით და მერე პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მიიღებ მისაღებს. ამით გვეგონა, რომ ამოიწურა. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, ის მომენტი, როდესაც ცოლ-ქმარმა იქ დადგეს სპექტაკლი, ბუნებრივია, ჩვენც გავეცით პასუხი, მაგრამ ხომ ვერ გაეკიდება, არა - სხვა მოცემულობა იყო. მეორე დილას რომ ვნახე იქ იყო, ის მოხდა, რაც მოხდა, არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველამ ნახა, რაც მოხდა. ამის შემდეგ იყო პოლიცია, დაკითხვები და შემდეგ, რომ ამბობდნენ, ციხეში გადაიყვანეს - რაღაც სიგიჟეებს რომ იძახიან...
[..] ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ. შემდეგ მას აუყვანეს ადვოკატები - ერთი, მერე გამოუცვალეს, თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმა, აქედან იყო მართული და ემესიჯებოდნენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ნუ, ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები."
ამასთან ერთად, ივანიშვილის დეპუტატის თქმით, პირი, რომელმაც სასტუმროში ლაშა გაბიტაშვილის მიმართულებით თეფში ისროლა, მათთან ერთად არ იყო.
"საერთოდ არ ვიცნობდით იმ ადამიანს, იქ იყო ისვენებდა ოჯახთან ერთად და ეტყობა, რომ ამოუვიდა ყელში ამათი პროვოკაციები, გააქანა თეფში და მოხვდა პერსონალს და შემდეგ ისიც ამ ჯარიმის ქვეშ მოექცა, არც გვაქვს რამე შეხება." - ამბობს ზარქუა.
13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
22 იანვარს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე 80 000-ლარიანი ჯარიმების საფუძველზე თბილისში დაბრუნდნენ.