"კი, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად" - ასე უპასუხა ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ აქვს კომუნიკაცია აბუ დაბიში ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძესთან, რომლებიც ჯერჯერობით, ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.
13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარსაა ჩანიშნული.
ამის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.
"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან" - აცხადებენ საელჩოში.
15 იანვარს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან მოქალაქეზე აბუ-დაბიში ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს. ფორმულას ცნობითვე, ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.
ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, რომ ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი არ გაუქმებულა და თვის ბოლოს შედგება.