ზარქუას და სანიკიძის ძალადობა აბუ-დაბიში

ჩემი ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე საქართველოში არიან – ივანიშვილის დეპუტატი

ივანიშვილის დეპუტატის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მათი თანმხლები პირები უკვე საქართველოში არიან. 

"ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მასთან [ირაკლი ზარქუასთან] კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ იქამდე მქონდა მასთან ურთიერთობა [...] მასთან კომუნიკაცია არაერთხელ მქონდა, მათ შორის იმიტომ, რომ როცა ეს მოვლენები ხდებოდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მეც იმ ქვეყანაში ვიყავი. ჩვენ სატელეფონო საუბრები ამის შემდეგაც გვქონდა - მასთანაც და სხვა ადამიანებთანაც, ვინც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ [...] კერძო საუბრის შინაარსს ვერ გეტყვით [...] ჩემი ინფორმაციით, ისინი, ყველა მათგანი უკვე საქართველოში იმყოფება". - თქვა მახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ივანიშვილის დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ დაბის სასამართლომ 80 000-დოლარიანი ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც, მათივე ცნობით, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა

14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები