ზარქუას და სანიკიძის ძალადობა აბუ-დაბიში

ჯარიმები დაეკისრათ, ახლა ორივე თბილისშია - მდინარაძე ზარქუასა და სანიკიძეზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო ჯარიმები დაეკისრათ. მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ახლა უკვე ორივე მათგანი თბილისში იმყოფება.

"ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში არიან. ისინი ოფიციალურად, ფორმალურად პატიმრობაში არ ყოფილან. 2 დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავიდან, დღენახევარი ორივე აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში იყო, შემდეგ კი სასტუმროში. მერე სამართალწარმოება დასრულდა, დატოვეს აბუ დაბი და ახლა არიან თბილისში

სამართალწარმოება დასრულდა და თუ არ ვცდები, ჯარიმები იყო. ყველას, ორივე მხარეს, რაღაც ჯარიმები დაეკისრა. ჯარიმა რამდენი იყო, არ მახსოვს, მაგრამ იმდენი არ იყო, თქვენ რასაც ავრცელებთ - ერთ-ერთმა დაწერა დღეს, $50 000 თუ $100 000 - ამასთან მიახლოებული რიცხვი არ ყოფილა  [...] ისინი სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა ის, რაც თქვენ გაინტერესებდათ, დამნაშავეები და კრიმინალები.". - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მთავარი არხის ინფორმაციით, ივანიშვილის დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ დაბის სასამართლომ 80 000-დოლარიანი ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც, მათივე ცნობით, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.

13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა

14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები