მზია ამაღლობელის საქმე

მედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. 

ცნობისთვის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი  20 იანვარს, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში წერდა, რომ შიმშილობა დაიწყო.

"მზია ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. 

შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია - გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს.

მე-11 დღეა შიმშილობ - გთხოვ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. 

შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი - შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. 

ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს 

ყველანი შენს გვერდით ვართ - შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. 

გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე შენთვის.

თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება. 

დიდი სიყვარულითა და პატივსცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები". - წერია მედიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში.


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები