ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასმა შეთანხმება დაარღვია, ცეცხლის შეწყვეტამდე ტყვეთა სია არ გაგზავნა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისრაელს ჰამასისგან ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი არ მიუღია მძევალთა სახელების სია, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება გაათავისუფლებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი შეთანხმების დარღვევას არ მოითმენს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებს, სანამ ჰამასი მათ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ გადასცემს. 

"ჩვენ მონახაზს არ მივყვებით, სანამ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მივიღებტ. ისრაელი შეთანხმების დარღვევებს არ მოითენს. პასუხისმგებლობა მხოლოდ ჰამასს აკისრია". - თქვა ნეთანიაჰუმ. 

ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, ჰამასს ისრაელისთვის მძევლების სია მათ გათავისუფლებამდე, სულ მცირე, 24 საათით ადრე უნდა გაეგზავნა, რაც ადგილობრივი დროით დღეს, 18 იანვარს, 4 საათზე უნდა მომხდარიყო. 

ისრაელის მთავრობამ ჰამასსთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

15 იანვარს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირვლეი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად ტყვეების პირველი ნაწილი კვირას, 19 იანვარს უნდა გამოუშვას.

კომენტარები