ძალადობის ორგანიზება და შემდგომ მსხვერპლზე მინიშნება, ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის ყოველდღიურობად აქცია, რაც სამოქალაქო მშვიდობას ძირს უთხრის - პარტია ფედერალისტები გიორგი გახარიაზე ბათუმში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება.
"ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან გიორგი გახარიაზე ამაზრზენი თავდასხმის შემდეგ, რეჟიმის გამორჩეული კლოუნები გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრობენ.
რეჟიმის აღვირახსნილი ძალადობა არა მის პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მთლიანად სამოქალაქო მშვიდობას უთხრის ძირს.
ძალადობის დაორგანიზება და შემდგომ მსხვერპლის პასუხისმგებლობაზე მინიშნება ივანიშვილმა ქვეყნის ყოველდღიურობად აქცია.
ერთადერთი გზა, რომლითაც პროცესს მშვიდობიან კალაპოტში დაბრუნების შანსი ექნება რეჟიმის ცვლილება და ხელახალი არჩევნებია" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.





