პარტია გახარია-საქართველოსთვის სასტუმრო შერატონისგან ითხოვს, რომ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები მათ გადასცენ. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
"საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა უნდობლობას აჩენს და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დეფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.
ამიტომ, სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, გადარჩენას ცდილობს.
რეჟიმის მარცხი გარდაუვალი იქნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს!". - თქვა სიჭინავამ.
-
შერატონ ბათუმი: სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან
-
მდინარაძე გახარიაზე: დაფიქრდეს, თანამდებობის პირზე თავდასხმა ხომ არ სცადა? მძიმე მუხლია
ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო.
გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, ქართული ოცნება თავდამსხმელებს მალავს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით საზოგადოებაში მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას ცდილობს. ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიები, რის ავანგარდშიცაა TV იმედი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს, საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დეფაქტო პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ". - ამბობს სიჭინავა.
15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.