საქართველო-აზერბაიჯანი

"დიდი პატივია აქ ყოფნა" - ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ბოჭორიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, ბაირამოვთან შეხვედრაზე განიხილა.

"შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ [...] ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც წლებია, ვახორციელებთ [...] ვილაპარაკეთ ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია". - თქვა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობის ერთგულად დარჩება.

"საქართველო ჩვენს რეგიონში ყოველთვის მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგული იყო და იქნება და ყოველთვის მზად იქნება, მეზობელ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის არსებობას ხელი შეუწყოს". - ამბობს ბოჭორიშვილი.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განვახორციელო და ვიმყოფებოდე ბაქოში, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია [...] ხვალ ბაქოს ვიზიტით ირაკლი კობახიძე ეწვევა და ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომის ჩატარების საშუალება გვექნება. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ". - თქვა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში მოიწვია.

ბოჭორიშვილი ბაქოს დღეს, 16 იანვარს ეწვია - ხვალ, 17 იანვარს კი აზერბაიჯანში ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძეც ჩავა. 

კომენტარები