საქართველო-აზერბაიჯანი

26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ინფორმაციას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს, 18 მაისს, აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

"გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი  სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები კორონავირუსის პანდემიის დროს დაკეტა და სპეციალური კარანტინი რამდენჯერმე გაახანგრძლივა. ამ დრომდე, აზერბაიჯანში მოხვედრა საქართველოდან და აზერბაიჯანის სხვა მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ ავიამიმოსვლით იყო შესაძლებელი.

კომენტარები